სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის თქმით, საქართველო განსაცდელში მრავალჯერ ყოფილა, თუმცა, უფალს იგი ყოველთვის გადაურჩენია.
აღნიშნულთან დაკავშირებით პატრიარქმა სვეტიცხოვლის ტაძარში ღვთიმსახურების დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა და მრევლს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.
მისი თქმით, განსაცდელის არავის უნდა შეეშინდეს, რადგან უფალი განსაცდელს მას უგზავნის ვინც უყვარს.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც უფალმა განსაკუთრებული მადლი მიანიჭა, რადგან არსად არაა იმდენი სიწმინდეები, რამდენიც საქართველოში.
„ჩვენს წინაა წმინდა ნაწილები, რომელიც ეკუთვნოდა მეფე დავით აღმაშენებელს. როდესაც ჩვენი დიდებულები მიდიოდნენ საზღვარგარეთ, მოჰქონდათ არა ოქრო და ვერცხლი, არამედ, წმინდა ნაწილები, რადგან გრძნობდნენ მათ წყალობას“ - ბრძანა პატრიარქმა და აღნიშნა, რომ უცხოელები საქართველოში მორწმუნეების რიცხვის განსაკუთრებულ ზრდაზე საუბრობენ.
უწმინდესის თქმით, ეს არ არის დამოკიდებული პატრიარქსა და წმინდა სინოდზე. როგორც მან აღნიშნა, ეს იმის დამსახურებაა, რომ საქართველოში უფალი მეფობს და ხალხს მოუწოდებს უფლისკენ ისწრაფვონ.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, საქართველოს დღეს დიდი სულიერი ძალა და მადლი სჭირდება.
„ჩვენ გვჭირდება დღეს უპირველეს ყოვლისა სულიერი ძალა, სიყვარული, სასოება, იმედი ღვთისა, იმედი ადამიანისა, იმედი მომავლისა. მინდა გითხრათ, რომ საქართველო განსაცდელში მრავალჯერ ყოფილა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს უხსნია ამ განსაცდელისაგან“ - ბრძანა უწმინდესმა.
ქადაგების დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლთან ერთად ლოცვა „მომყალებისა კარი განგვიღე“ აღავლინა.
უწმინდესმა აღნიშნა, რომ ამ ლოცვას განსაკუთრებული ძალა აქვს და მან მონღოლების შემოსევის დროს საქართველო გადაარჩინა.
პატრიარქმა მღვდელმონაზონი ელიზბარ გურაშვილი ოქროს ჯვრითა და იღუმენის ხარისხით დააჯიდოვა.
სვეტიცხოვლის ტაძარში წირვა-ლოცვას კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად ესწრებოდა.

















