საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს „მეგა TV“-მ თანამგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის უფლება მიიღო.
როგორც „ნიუსპრესს“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, შპს „მეგა TV“-ს კუთვნილი მაუწყებლობის №B74 ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარი ცვლილება განხორციელდა, რომ კომპანია შეძლებს აღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე, ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც.
გარდა ამისა, სამაუწყებლო ლიცენზიას ითხოვს შპს VIP TV.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს VIP TV-ს განცხადების საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
კომპანია თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიას ითხოვს.
საკითხის ზეპირი მოსმენა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, 2012 წლის 2 ნოემბერს გაიმართება, ხოლო გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისია ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.

















