ტელეკომპანია „მაესტრო“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მიმართავს და მოითხოვს, რომ ხელისუფლების გადაბარების საწყის ეტაპზევე არ დაუშვას რომელიმე მედიასაშუალების დისკრედიტაცია.
ამის შესახებ აღნიშნულია დღეს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების პირველი სამუშაო შეხვედრის შემდეგ ტელეკომპანიის მიერ გავცელებულ განაცხადებაში.
სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ დახურულ შეხვედრაზე, ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსამსახურის გადაწყვეტილებით, ვიდეოკადრების გადასაღებად, მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის, მე-9 არხისა და „როიტერის“ ტელეოპერატორები შეუშვეს.
„მივმართავთ გუნდს, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა და უახლოეს მომავალში ხელისუფლებას ოფიციალურად გადაიბარებს: დღეს არჩევნებში დამარცხებული და გამარჯვებული გუნდების წარმომადგენლები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. დახურული შეხვედრის კადრების გადაღება კი, მხოლოდ სამ მედიასაშუალებას მიეცა“ - აღნიშნულია განაცხადებაში.
ტელეკომპანია მოითხოვს გამარჯვებული გუნდისგან ხელისუფლების გადაბარების პროცესის საწყის ეტაპზევე თანაბრად გაითვალისწინოს ყველა წამყვანი მედიასაშუალების ინტერესი და არ დაუშვას რომელიმე მათგანის დისკრედიტაცია.
„მივიჩნევთ, რომ ყველა ჟურნალისტს თანაბრად უნდა ჰქონდეს ნებისმიერი პროცესის გაშუქების საშუალება და ამ საკითხს არ უნდა წყვეტდეს არცერთი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი“ - ნათქვამია „მაესტროს“ განცხადებაში.

















