კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ თბილისში დამატებით 37 ქუჩის წყალსადენისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია დაასრულა.
კომპანიის ინფორმაციით, 37-ვე ქუჩაზე მთლიანად შეიცვალა 30 558 მეტრი მიწისქვეშა კომუნიკაციები, დამონტაჟდა 305 ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყო წყალსადენისა და საკანალიზაციო ახალი საკვანძო ჭები. დღეის მდგომარეობით, უკვე რეაბილიტირებულია წლევანდელი საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული 126 ქუჩის 71 358 მეტრი სიგრძის ხანდაზმული ქსელი და დამონტაჟდა 633 ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული.
ამჟამად, კომპანია წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ერთდროულად 22-ზე მეტ ქუჩაზე ახორციელებს - მიროტაძის, ჟღენტის, ხევძმარის, ტიბანის, თიანეთის, ახალდაბის, ბახმაროს, კაჭრეთის, მიქაუტაძის, იფნევის, სანერგის, გომარეთის, I გუჯარეთის, II გუჯარეთისა და ჟინვალის ქუჩებზე, ასევე, ორხევში - ფიროსმანის ქუჩაზე, სანერგის ქუჩის შესახვევებში, ვარკეთილის მეურნეობაში - მეგობრობის გამზირზე, რუსთაველისა და მშვიდობის ქუჩებზე, ოქროყანის ,,ბ“ ზონასა და სოფელ გლდანში - კულა გლდანელის ქუჩაზე.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის ქუჩების წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელების რეაბილიტაციის პროექტს მეოთხე წელია ახორციელებს. მიმდინარე წელს აღნიშნული პროექტი დედაქალაქის სხვადასხვა რაიონის 150-ზე მეტ ქუჩას მოიცავს, სარეაბილიტაციო ქსელების საერთო სიგრძე კი თითქმის 90 კილომეტრს შეადგენს. კომპანიამ წლევანდელი სამუშაოების განხორციელება აპრილიდან დაიწყო და მათ დასრულებას ნოემბრის ბოლოსთვის გეგმავს.

















