საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ გუშინ ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა
დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისკენ, თუმცა, რამდენიმე საკვანძო საკითხი კვლავ მოსაგვარებელია.
ამის შესახებ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელებმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
დამკვირვებლების თქმით, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო საკმაოდ დაძაბული და პოლარიზებული იყო, დაფიქსირდა პოლიტიკურ აქტივისტებზე ძალადობის ფაქტებიც. მიუხედავადა ამისა, დამკვირვებლები აცხადებენ, რომ არჩევნების დღემ მშვიდობიანად და განსაკუთრებული კონკურენციის პირობებში ჩაიარა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის ანტონიო პიცულას თქმით, მიუხედავად მკვეთრად პოლარიზებული წინასაარჩევნო კამპანიისა, რომელიც ხშირად უხეშ რიტორიკას და ნაკლოვანებებს შეიცავდა, ქართველმა ხალხმა საარჩევნო ყუთთან თავისი ნება თავისუფლად გამოხატა.
„პროცესმა აჩვენა საზოგადოების ჯანსაღი დამოკიდებულება დემოკრატიული არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი ფუნდამეტური თავისუფლებებისადმი. ჩვენ მოველით, რომ საბოლოო შედეგი ამომრჩეველთა არჩევანს ასახავს“-აღნიშნა პიცულამ.
ევროპის საბჭოს დელეგაციის საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის ლუკა ვოლონტეს განმარტებით, მიუხედავად ნაკლოვანებებისა, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო.
„ახალ პარლამენტში როგორც უმრავლესობით არჩეულმა, ისე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და ძალები არსებული ნაკლოვანებების გამოსასწორებლად მიმართონ“-განაცხადა ვოლონტემ და დასძინა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა პარლამენტში წარმოდგენილ ყველა ძალასთან თანამშრომლობას გააგრძელებს.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის ასენ აგოვის განმარტებით კი, გუშინ საზოგადოება დემოკრატიულ პროცესებში საქართველოს სრული ჩართულობის მოწმე გახდა.

















