საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია არჩევნების შედეგების შესახებ დღეს პრესკონფერენციას გამართავს და წინასწარ განცხადებას გააკეთებს.
განცხადებას ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალური კოორდინატორი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი ტონიო პიცულა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი ლუკა ვოლონტე, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი ასენ აგოვი, ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი მილან კაბრნოცი და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო გრძელვადიანი მისიის ხელმძღვანელი ნიკოლაი ვულჩანოვი გააკეთებენ.
სადამკვირვებლო მისია საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), ევროპარლამენტი (EP) და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA) ერთობლივ სადამკვირვებლო მისიას წარმოადგენს.
არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია 401 დამკვირვებლისგან - OSCE/ODIHR-ის 290 გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლის ჩათვლით 42 ქვეყნიდან, ასევე, 53 პარლამენტარისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, 22 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, 14 ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და 14 ევროპარლამენტის წარმომადგენლისგან შედგება.

















