ამ დროის მონაცემებით, საარჩევნო პორტალ www.electionportal.ge-ზე, საპარლამენტო არჩევნების პროცესში დაფიქსირებულ 100-მდე ინციდენტის შესახებ განთავსდა ინფორმაცია.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინციდენტების ძირითადი ნაწილი ბიულეტენების ნაკლებობას ეხება.
საია-ს ინფორმაციით, ხულოს #84-ე საარჩევნო ოლქის საარჩევნო უბანზე რეგისტირებულია 837 ამომრჩეველი, მიტანილია 750 ბიულეტენი.
როგორც ვებ-გვერდზეა აღნიშნული, იგივე მდგომარეობაა ხულოს #9 საარჩევნო უბანზეც, სადაც 682 რეგისტრირებული ამომრჩეველია, ხოლო ბიულეტენების რაოდენობა 650-ია.
ბიულეტენების ნაკლებობა საია-მ ზუგდიდის 67-ე ოლქის 38-ე უბანზეც დააფიქსირა. მათი ინფორმაციით, მიღბა-ჩაბარების აქტში მითითებული ბიულეტენების რაოდენობა 3 206-ს შეადგენს, ხოლო უბანს მხოლოდ 1 050 ბიულეტენი გადაეცა.
ვებ-გვერდზე განთავსდა, ასევე, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაფიქსირებული ინციდენტიც. კერძოდ, დიდუბის N1 საარჩევნო უბანზე ბიულეტენები დალუქული არ იყო. თავმჯდომარის განმარტებით, ბიულეტენები წინა დღეს დათვლის მიზნით გაიხსნა. ბიულეტენები დამკვირვებელთან ერთად ხელმეორედ გადათვალეს, სისწორე, დაზიანებები და ბიულეტენების რაოდენობა შემოწმდა და ყველაფერი წესრიგშია.
ბიულეტენების ნაკლებობა გლდანის N33 საარჩევნო უბანზე „სამართლიანმა არჩევნებმაც“ დააფიქსირა. მათი ინფორმაციით, უბანს 200 ბიულეტენი აკლია.

















