საარჩევნო კოდექსის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, 1 ოქტომბერი მთელი საქართველოს მასშტაბით უქმე დღედაა გამოცხადებული.
1 ოქტომბრის უქმე დღედ გამოცხადება, მოქალაქეებისთვის არჩევნებში შეუფერხებლად მონაწილეობის მიღებითაა განპირობებული.
არჩევნების დღეს დედაქალაქში ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი და მიკროავტობუსები.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, თბილისის „მეტროპოლიტენი“ დილის 06:00-დან 24:00 საათამდე, ხოლო ავტობუსები 07:00 საათიდან დაახლოებით, 23:00 საათამდე იმუშავებენ.
კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ასევე, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს მიკროავტობუსებიც. კერძოდ, ისინი ქალაქში დილის 06:30 საათიდან ღამის 23:00 საათამდე იმოძრავებენ.
საქართველოში ხვალ საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნების 1 ოქტომბერს დანიშვნასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განკარგულება 1 აგვისტოს გამოსცა.

















