საზოგადოებრივი მოძრობა „ამომრჩეველთა ლიგა“ ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებში გამოკრულ სიებში საკუთარი თავის გადამოწმებისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „ამომრჩეველთა ლიგა“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მოძრაობას სატელეფონო ცხელი ხაზისა და ვებ-გვერდის საშუალებით დიდი როდენობით ამომრჩეველმა მიმართა, რომელთა თქმით, ისინი ვერ პოულობენ საკუთარ თავს საარჩევნო უბნებში გამოკრულ ამომრჩეველთა სიებში.
„გადამოწმების შედეგად, მათი უმრავლესობა აღმოჩნდა ცესკო-ს ვებ-გვერდზე ატვირთულ სიაში. ჯერჯერობით, ჩვენთვის უცნობია რა არის საუბნო საარჩევნო სიებიდან მათი ამოღების მიზეზი. ამომრჩევლებს ვთხოვთ გადაამოწმონ საკუთარი თავი საარჩევნო უბნებში გამოკრულ სიებში“ - აცხადებენ „ამომრჩეველთა ლიგაში“.
„ამომრჩეველთა ლიგა“ მიმართავს მოსახლეობას, სიაში საკუთარი საკუთარი თავის ვერ მოძებნის შემთხვევაში, ლიგის რაიონულ ოფისებს დაუკავშირდნენ ან მიმართონ „ამომრჩეველთა ლიგას“ ცხელი ხაზის საშუალებით - 299 55 81 ან 298 23 91. ასევე, მისამართზე - ალ. ჭავჭავაძის ქ. 11.

















