„ლიბერთი ბანკის“ ბანკომატები და პოსტ-ტერმინალები დღეს საღამოს და ღამით არ იმუშავებენ. ამის შესახებ „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ლადო გურგენიძემ განაცხადა.
როგორც გურგენიძემ აღნიშნა, შენობაში სიტუაცია სტაბილურია, ბანკის თანამშრომელთაგან არავინ დაშავებულა, მათი ევაკუაცია დროულად მოხერხდა.
„ახლა ჩვენ ნორმალიზაციის ეტაპზე გადავედით. მოადგილეებს ყველა საჭირო დავალება მივეცი იმისთვის, რომ ხვალ დილით ჩვენმა ქსელმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მინიმალური შეფერხებებით იმუშაოს“ - განაცხადა გურგენიძემ და დასძინა, რომ შემთხვევის გამო, გარკვეული შეფერხებები მოსალოდნელია.
მისივე თქმით, ამ დროისთვის, ქსელს ელექტროენერგია არ მიეწოდება, რადგან გათიშვა სახანძრო უსაფრთხოებას უკავშირდება.
„დღეს საღამოთი და ღამით ჩვენი ბანკომატები პოსტ-ტერმინალები არ იმუშავებენ, რადგან ეს ყველაფერი ქსელს უკავშირდება. ჩვენ მას რაც შეიძლება მალე ჩავრთავთ“ - განაცხადა გურგენიძემ.
მისივე თქმით, მან სხვადასხვა ქართული ბანკებისგან დახმარების შეთავაზება უკვე მიიღო, თუმცა, ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის.
მისივე თქმით, ხვალ შუადღისთვის გახდება ცნობილი, თუ როდის შეძლებენ ბანკის თანამშრომლები შენობაში შესვლას და მუშაობის გაგრძელებას.
„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისს დაახლოებით ერთი საათის წინ ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა, ის, სავარუდოდ, ბოლო სართულიდან გავრცელდა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ცეცხლის ლოკალიზება და შემდეგ ლიკვიდირება დაახლოებით 20 წუთში მოხერხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

















