უახლოეს ხანებში დაბა ქსანში ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი ამოქმედდება.
ახალაშენებული ცენტრი დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა გიორგი ტუღუშმა და საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა დაათვალიერეს. ადგილზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის მისიის, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, სისტემის ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგიით გათვალისწინებულ აქტივობები გრძელდება, რომლის ფარგლებშიც ტუბერკულოზის მუდმივი სკრინინგი, პრევენცია და შესაბამისად ეფექტური მკურნალობა ხდება.
„გატარებული რეფორმების შედეგად, დღეის მდგომარეობით, სასჯელაღსრულების სისტემაში ტუბერკულოზის გავრცელების საკითხი სრულ კონტროლს ექვემდებარება, რაც ხელს უწყობს დაავადების გავრცელების პრევენციას, დროულ და ეფექტურ მკურნალობას“-აცხადებს ტუღუშის უწყება.
მისივე ინფორმაციით, დაბა ქსანში ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი სწორედ ამ რეფორმის ფარგლებში ამოქმედდება. ესაა ახალი ხუთსართულიანი კორპუსი, რომელიც 750 პაციენტზეა გათვალისწინებული და ევროპულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება. ამასთან, ცენტრი საშუალებას იძლევა, ეპიდემიოლოგიური კონტროლის სრული დაცვით, ადეკვატური მკურნალობა ყველა კატეგორიის დაავადებულ პატიმარს გაეწიოს.
დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქსნის ციხეში ხუთი მსჯავრდებული შიმშილობს. აღნიშნულ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს, რომლის სპეციალური პრევენციული ჯგუფი ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა N19 დაწესებულებაში იმყოფებოდა და პატიმრებს შეხვდა. მოშიმშილეთა ძირითადი მოთხოვნა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებაა. გარდა ამისა, მსჯავრდებულთა ნაწილი, მოშიმშილე პატიმრებისადმი სოლიდარობის ნიშნად, მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს.

















