კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრის ბესო სურმავას მეუღლის მაკა ლობჟანიძის განცხადებით,
ბესო სურმავა სავარაუდოდ, გატაცებულია და მასზე ზეწოლა ხორციელდება. ამის შესახებ ლობჟანიძემ დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში განაცხადა.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემს მეუღლეს აუდიოჩანაწერებზე ხელი არ მიუწვდებოდა, შესაბამისად, ფარულ ჩაწერებს არ ახორციელებდა და ეს ყველაფერი სრული სიცრუეა“ - განაცხადა მან.
მისი თქმით, სურმავა კომპიუტერს იმდენად კარგად არ ფლობს, რომ აღნიშნული ჩანაწერები ინტერნეტქსელში მას განეთავსებინა. ივანიშვილის პირად დაცვაში კი, 10 წელია მუშაობს.
მაკა ლობჟანიძის განცხადებით, მას მეუღლე უცხო სატელეფონო ნომრით უკავშირდება, მაგრამ საუბარს ვერ ახერხებს. მეუღლის ვარაუდით, მას ეტყობა, რომ რაღაცის ზემოქმედების ქვეშაა.
ლობჟანიძის თქმით, ტელე-ეთერით გადაცემულ ვიდეომიმართვაში, სურმავა თავის თავს არ ჰგავდა.
„მიმართვა ტელევიზიით ვნახე. ბესო თავის თავს არ ჰგავდა, იჯდა გაფართოებული თვალებით და რაღაცას კითხულობდა. ამას ჩემი მეუღლე არ დადებდა და არ გააკეთებდა“ - განაცხადა ლობჟანიძემ.
იგი საკითხის გარკვევას პოლიციასა და სახალხო დამცველს სთხოვს.
ბესო სურმავას სახელით გუშინ სოციალურ ქსელებში ვიდეომიმართვა გავრცელდა, სადაც იგი საუბრობს, რომ ივანიშვილის დავალებით კოალიციის ხელმძღვანელების საუბრები ფარულად იწერებოდა. ინტერნეტში ასევე რამდენიმე ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც კოალიციის წევრები და ლიდერები ერთმანეთს ლანძღავენ და უცენზურო სიტყვებით იხსენიებენ.

















