„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ მიმდინარე წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში 11 სატელევიზიო არხის მაუწყებლობაზე მონიტორინგი განახორციელა და დღეს შედეგები წარმოადგინა.
როგორც პრეზენტაციაზე აღნიშნა, მონიტორინგის პერიოდში ბევრი დადებითი ტენდენცია გამოიკვეთა და მაუწყებლების საქმიანობა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა, კვლავ რჩება გასაუმჯობესელი მიმართულებები.
მონიტორინგის შედეგების თანახმად, ტელევიზიებით საარჩევნო თემატიკა გაშუქდა, როგორც თოქ-შოუებში ისე სხვადასხვა პროგრამაში, რამაც მაყურებელს დასახელებული კანდიდატებისა და პარტიების ერთმანეთისთვის შედარების საშუალება მისცა.
აღინიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „კავკასიის“ გარდა, სხვა სატელევიზიო არხებმა საინფორმაციო გადაცემებში საარჩევნო კამპანიის დაბალანსებულად გაშუქება ვერ უზრუნველყვეს. ამიტომ, მაყურებელს ობიექტური აზრის შესაქმნელად სხვადასხვა არხის ყურება სჭირდებოდა.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ციხეებში მომხდარმა მოვლენებმა ზეგავლენა იქონია მედიაზე და ამავდროულად, გამოააშკარავა, რომ თვითრეგულირების მექანიზმმა ვერ უზრუნველყო ადამიანების პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობა.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ, საზოგადოების მოლოდინი მოვლენების და საკითხების მრავალმხრივ გაშუქებას და მიუკერძოებლობას გულისხმობს. აღნიშნული ტელევიზიით, პროექტის პირველად ანგარიშებში მთავრობისადმი მხარდამჭერი დამოკიდებულება გამოიკვეთა. თუმცა, ხანგრძლივობის და მრავალფეროვნების კუთხით, მან საქმიანობა გააუმჯობესა და მაყურებელს უფრო მეტი ინფორმაცია შესთავაზა პოლიტიკურ მოთამაშეებსა და პროცესის მიმდინარეობაზე. მოგვიანებით, საარჩევნო კამპანიის პერიოდში, მისი პროგრამები კიდევ უფრო გაუმჯობესდა სიზუსტის და ამბების სიახლის კუთხით.
რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, როგორც მონიტორინგის შედეგებშია ნათქვამი, ის მაღალი დონის კერძო ტელევიზიაა, რომელიც მაყურებელს წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიისა და მისი მხარდამჭერების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას დადებით კონტექსტში სთავაზობს, ოპოზიციას კი, არათანაბრად დაუთმო დრო და ბალანსი დაარღვია. აღნიშნულ ტელევიზიაში თოქ-შოუებში მონაწილეებს თანაბრად ეთმობა დრო.
ანგარიშის მიხედვით, ტელეკომპანია „იმედი“ არჩევნების შესახებ ინფორმაციას დროულად აშუქებს, თუმცა, იკვეთება მმართველი პარტიის მიმართ უფრო კეთილგანწყობილი დამოკიდებულება. ასევე, „რეალ ტვ“ ინტენსიურად გადასცემს არჩევნების თემასთან დაკავშირებულ პროგრამებს, თუმცა, როგორც მონიტორინგშია ნათქვამი, ის ხშირად ვერ ახერხებს შინაარსით და ფაქტებით გამყარებას და ოპოზიციური პარტიების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებს.
რა შეეხება „მე 9 არხს“, აღნიშნული მონიტორინგის თანახმად, ის ვრცლად გადასცემს სიახლეებს, ფაქტები და მოსაზრებები გამიჯნულია, მაგრამ არხი ვერ იცავს ბალანსს. „მაესტრო“ კი, მონიტორინგის შედეგების თანახმად, ახალი ამბების გადაცემისას გამოკვეთილად კრიტიკულია მმართველის პარტიის მიმართ.
ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ „კავკასიამ“ საინფორმაციო პროგრამების მაღალი ხარისხი გამოამჟღავნა - წყაროები და თემები კარგადაა შერჩეული, თოქ-შოუების ხარისხზე მოქმედებს წამყვანის ტონი და მიუკერძოებლობა.

















