საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი 2012“-ის დასკვნით
ტურში გამარჯვებულები გამოვლინდნ.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, ყველაზე ინოვაციური ნამუშევრები „ექსპო-ჯორჯიას“ საგამოფენო პავილიონში გამოიფინა.
წარმოდგენილი 44-დან 8 პროექტი უცხოელი მოზარდების მიერ იყო შექმნილი. დაჯილდოვდნენ გამარჯვებული პროექტების ავტორებიც.
გამოვლინდა ერთი გრან-პრის, 1 პირველი ადგილის, 2 მეორე ადგილისა და 3 მესამე ადგილის მფლობელი პროექტი.
გრანპრის მფლობელი უცხოეთში სასწავლო-შემეცნებითი ტურით გაემგზავრება. I ადგილზე გასული პროექტის ავტორს 5000 ლარი, II ადგილზე - 3 000 – 3 000, ხოლო III ადგილზე გასული პროექტების ავტორებს 2 000 – 2 000 ლარი გადაეცათ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის გუბერნიამ 1 500 ლარით, ქუთაისის მერიამ კი - 1 000 ლარით დააჯილდოვეს კახეთის რეგიონიდან და ქალაქ ქუთაისიდან წარმოდგენილი საუკეთესო ნამუშევრის ავტორები.
გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული პროექტებიც, რომელთა ავტორებიც კომპანიამ „ბილაინი“ მობილური ტელეფონებით დააჯილდოვა. ფავორიტი პროექტი გამოავლინა საქპატენტმაც, რომლის წარმომადგენელმა გრანპრის მფლობელი პროექტის ავტორს ტელეფონი SAMSUNG Galaxy გადასცა.
კონკურსში მონაწილეობდნენ მოსწავლეები დედაქალაქიდან და საქართველოს ყველა რეგიონიდან, ასევე თურქეთიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან. მოსწავლეთა ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის დისციპლინების მიმართულებებით, ასევე, გამოგონებები იყო სასოფლო-სამეურნეო, ენერგეტიკის, საინჟინრო სფეროებში.
მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსს ”ლეონარდო და ვინჩი” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მეორე წელია ატარებს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ იგი გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებული მოზარდების წახალისებას და მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას ემსახურება.

















