ტელეკომპანია "მე-9 არხი" მზადაა ყველა ის ჟურნალისტი მიიღოს, რომელსაც უშიშროების მიერ მართულ ტელეკომპანიებში მუშაობა არ სურს.
ამის შესახებ "მე-9 არხის" დირექტორმა კახა ბექაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"არსებობენ ფედერალური არხები, რომლებიც საშინელ პროპაგანდისტულ ველს ქმნიან, რომლითაც მოსახლეობას არაადეკვატურ შეხედულებებს უყალიბებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ისინი უშიშროების სამსახურის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იმართებიან. მინდა ვუთხრა ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც რუსთავი-2 ში, იმედში, საზოგადოებრივ მაუწყებელსა თუ რეალ-ტვ-ში მუშაობს, დროა, უშიშროების სამსახურის დავალებები აღარ შეასრულონ,"- განაცხადა ბექაურმა.
მისივე განმარტებით, "მე-9 არხი" და სხვა დამოუკიდებელი მედია საშუალებები დიდი სიამოვნებით მიიღებენ ისეთ თანამშრომლებს, რომლებსაც სურთ დამოუკიდებლები იყვნენ.
ამასთან, ტელეკომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ჯერ უცნობია კონკრეტულად როდის დაიწყებს მე-9 არხი მაუწყებლობას.

















