ახალგაზრდებისა და სპორტსმენების აქციამ მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვალა.
აქციის ძირითადი ნაწილის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე კონცენტრირებამდე,
შენობის შესასვლელთან აქციის ორგანიზატორებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს, რათა არავითარ ინციდენტს ადგილი არ ჰქონდეს.
ახალგაზრდები გეგმავენ კანცელარიაში შეიტანონ განცხადება, რომელსაც ხელს მოაწერენ სხვადასხვა სტუდენტური და ახალგაზრდული ორგანიზაციების და საზოგადოების წარმომადგენლები.
განცხადებაში ახალგაზრდები მოითხოვენ, დაცული იყოს პატიმრების უფლებები და მათი ჯანმრთელობა. სტუდენტების განცხადებით, მათი ინფორმაციით, პატიმრების ჯანმრთელობას ბოლო დღეებშიც სათანადო ყურადღება არ ექცევა.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე პასუხი აგოს ყველა დამნაშავემ - ბადრაგით დაწყებული, ზემდგომი ჩინოვნიკებით დასრულებული.
ამასთან, სტუდენტები ხელისუფლებას მოუწოდებენ სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს.
„არ გაპატიებთ გაყალბებულ არჩევნებს. ჩვენ გვტკივა თქვენი დემოკრატია“-აღნიშნულია განცხადებაში.

















