საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან პატიმართა სოლიდარობის ნიშნად სპორტსმენების აქცია გაიმართა.
აქციაზე მწვრთნელმა ზურაბ მაისურაძემ სპორტსმენების სახელით განცხადება წაიკითხა, რომელშიც ნათქვამია, რომ ტოტალური უსამართლობა ცხოვრების ყველა სფეროს მოედო.
„ვგმობთ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული დარღვევების თითოეულ ფაქტს და თანადგომას ვუცხადებთ პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან. ჩვენი შეკრება აპოლიტიკურ ხასიათს ატარებს და არც ერთ პარტიას არ წარმოადგენს“ - განაცხადა მაისურაძემ.
მისივე თქმით, სპორტსმენებმა გადაწყვეტილება მიიღეს მხარი დაუჭირონ და მადლობა გადაუხადონ იმ სტუდენტებს, რომლებმაც ბოლო დღეებში შესაშური ერთიანობა გამოიჩინეს.
ამასთანავე, სპორტსმენები ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ, რადგან მათი თქმით, დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია პროვოკაციის თავიდან აცილება და არჩევნებამდე მშვიდობიანი გზით მისვლა.
„მოგიწოდებთ ყველა სპორტსმენს, ვინც გმობს ძალადობას, დავდგეთ ერთად, მაშინ როდესაც ეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე ძალიან ესაჭიროება“ - ნათქვამია სპორტსმენების განცხადებაში.
ამ წუთებში სპორტსმენები თსუ-ს პირველი კორპუსისკენ დაიძრნენ, სადაც სტუდენტების აქციას შეუერდებიან.

















