ფეხბურთელი არჩილ არველაძე ყველა იმ პირის დასჯას მოითხოვს, რომლებიც პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებში მონაწილეობდნენ.
ამის შესახებ არველაძემ ჟურნალისტებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან განუცხადა, სადაც ამ წუთებში სპორტსმენების მიერ დაგეგმილი აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
არველაძის განცხადებით, იმ ვიდეოკადრების ხილვის შემდეგ, არ დარჩენილა ადამიანი, ვისთვისაც აღნიშნული თემა მტკივნეული არ იყოს.
მისი თქმით, სპორტსმენებმა გადაწყვიტეს პატიმართა სოლიდარობის ნიშნად, დღეს პროტესტი ერთად გამოხატონ.
„ვაპროტესტებთ იმ ფაქტს, რაც ხუთი დღის წინ ვიდეოკადრებით გავრცელდა და რამაც მთელი საქართველო შოკში ჩააგდო. მოვითხოვთ, ყველა იმ პირის დასჯას, ვინც პატიმრების მიმართ განხორციელებულ დანაშაულში მონაწილეობდა“ - განაცხადა ფეხბურთელმა.
ამასთან, ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება, რათა ციხის შიგნით პატიმარი იყოს წყნარად და გარეთ - მისი ოჯახი.
„იმედია, მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება, რადგან კაცს თუ ციხეს მიუსჯიან იცოდეს, რომ ციხე მიუსაჯეს და არა რაღაც სისასტიკე“-აღნიშნა არველაძემ.
ამ წუთებში ფეხბურთის ფედერაციასთან რაგბისტები, მოჭიდავეები, ფეხბურთელები და კალათბურთელები იკრიბებიან.

















