თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტები იკრიბებიან.
როგორც სტუდენტთა გაერთიანების ერთ-ერთმა კოორდინატორმა სერგო ბარამიძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, თსუ-ს პირველი კორპუსიდან დაახლოებით 16:00 საათისთვის მთავრობის კანცელარიის მიმართულებით მსვლელობა მოეწყობა.
მისივე თქმით, დღევანდელი აქციის მთავარ მესიჯად ისევ რჩება სლოგანი - „სისტემა უნდა დაინგრეს“.
„აქციის მოთხოვნები უცვლელია. ჩვენ მოვითხოვთ ყველა იმ პირის დასჯას, ვინც პატიმართა წამებაში მონაწილეობდა. დღეს ფეხით მსვლელობას მოვაწყობთ მთავრობის კანცელარიასთან და მოვთხოვთ მას პასუხისმგებლობა აიღოს პენიტენციალურ სისტემაში მომხდარ მარაზმზე. ასევე მოვთხოვთ მთავრობას, უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება“ - განაცხადა ბარამიძემ.
სტუდენტთა გაერთიანებაში 10-მდე სტუდენტური ორგანიზაცია შედის. საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწო, რაც რამდენიმე ტელეკომპანიის მეშვეობით პატიმართა წამების შესახებ კადრები გავიდა.

















