მედიასაშუალებების წარმომადგენლები დღეს ცესკო-ში შეხვედრას გამართავენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან შეხვედრას ჟურნალ „ლიბერალის“ რედაქტორი შორენა შავერდაშვილი და გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი ლაშა ტუღუში დაესწრებიან.
როგორც „ნიუსპრესს“ ლაშა ტუღუშმა განუცხადა, საარჩევნო უბანზე ფოტო და ვიდეოგადაღების შეზღუდვის შესახებ მიღებულ დადგენილებას განიხილავენ.
„გუშინ შევთავაზეთ, რომ შემდგარიყო შეხვედრა და კომისიას მედიის წარმომადგენლების აზრი მოესმინა ამ საკითხზე. ჩვენ შეხვედრა უფრო ფართო ფორმატით შევთავაზეთ, მაგრამ თვითონ მოინდომეს ასე და ჩვენც უარი არ გვითქვამს. დღეს არგუმენტებს წარვუდგენთ თუ რატომ არის ცუდი ეს დაგენილება და რატომ უნდა გაუქმდეს“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ ტუღუშმა.
ცესკო-ს დადგენილებით, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღება კენჭისყრის პროცესში სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი. ფოტო და ვიდეოგადაღების დასაწყისიდან 10 წუთის განმავლობაში გადაადგილება თავისუფალი იქნება, ხოლო 10 წუთის შემდეგ კამერები განთავსდებიან, მინიმუმ, 3 მეტრის მანძილზე გადასაღები ობიექტიდან, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. გარდა ამისა კამერებისთვის სპეციალური ადგილი ისე უნდა იყოს გამოყოფილი, რომ საარჩევნო ყუთი ჩანდეს. გადაღება დაშვებულია პირველიდან ბოლო ამომრჩევლამდე და შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებამდე პერიოდის ჩათვლით. გარდა ამისა, თუ ოპერატორმა ერთხელ მაინც დატოვა საარჩევნო უბანი, ის გადაღების უფლებას კარგავს.

















