„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად,
კლიმატის ცვლილების შერბილების მიზნით და ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა BP საქართველოს ხელმძღვანელთან შეხვდრაზე განაცხადა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, კლიმატის ცვლილების შერბილების მიზნით, ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების კუთხით შესაძლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა BP საქართველოს ხელმძღვანელს კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით არსებული სახელმწიფო პოლიტიკა და განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.
„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, კლიმატის ცვლილების შერბილების მიზნით და ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. უკვე დამტკიცებულია სამი მთავარი დოკუმენტი - ,,საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC)“, საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა. ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ, 2030 წლისთვის, ეროვნულ დონეზე, სათბურის აირების ემისიების ჯამური მაჩვენებელი, 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით, 35%-ით შეამციროს. აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვან მხარდაჭერას გვიწევენ ჩვენი პარტნიორები - ევროკავშირის წევრი ქვეყნები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები. ჩვენ ღია ვართ ყველა ინიციატივისთვის, მზად ვართ, სამომავლო თანამშრომლობისთვის ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც დაეხმარება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც შეხვედრაზე BP საქართველოს ხელმძღვანელმა, აიტან ჰაჯიევამ აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში, კომპანიის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება განახლებადი ენერგიის წყაროების და სხვა ახალი ტექნოლოგიების განვითარება და მასზე ხელმისაწვდომობის ზრდაა, რაც ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების შერბილებას.
„კომპანია BP საქართველოში უკვე 25 წელია ოპერირებს. ნავთობისა და გაზის უმსხვილესი პროექტების გარდა, კომპანია მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს საქართველოს რეგიონების ეკონომიკური გაძლიერების და გარემოსდაცვის მიმართულებით. ჩვენ ვგეგმავთ ახალი შესაძლებლობების განვითარებას, რომლებიც კლიმატური ცვლილებების შერბილებას შეუწყობს ხელს. შესაბამისად, გვსურს გავეცნოთ ამ კუთხით საქართველოში არსებულ სახელმწიფო პოლიტიკას, რათა შევძლოთ განვსაზღვროთ შესაძლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები“, - აღნიშნა აიტან ჰაჯიევამ.