ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგის დროს სამძიმარი გამოთქვა ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის გარდაცვალების გამო.
„ღრმა მწუხარება მინდა გამოვხატო გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრების მიმართ. ბოლო დრომდე გვქონდა იმედი, რომ მას ცოცხალს ვიპოვიდით. ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები სამძებრო ღონისძიებებში. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება შედეგს დადებს," - განაცხადა მინისტრმა.
ნათია თურნავას განცხადებით, თითოეული ასეთი ერთეული შემთხვევა, საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული ქვეყნის იმიჯს დარტყმას აყენებს. „თითოეული ასეთი ერთეული შემთხვევა ჩვენ დიდ დარტყმას გვაყენებს იმიტომ, ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ იდეალურები. თუმცა იდეალური ვითარება არსად არ არსებობს, გაცილებით განვითარებულ ტურისტულ ბაზრებზეც კი, სამწუხაროდ, კრიმინალური შემთხვევები ხდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საფრთხე მინიმუმადე დავიყვანოთ და საქართველო, მიუხედავად კოვიდ-პანდემიისა და ასეთი ცვალებადი ვითარებისა, ტურისტებს უსაფრთხოდ მასპინძლობდეს," - განაცხადა ნათია თურნავამ.