ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა
და მაგისტრატურის 2021 წლის 3400-მდე კურსდამთავრებულისთვის გამოშვების საზეიმო ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა.
მსოფლიოში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება ონლაინ მიულოცეს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, აკადემიური საბჭოს წევრებმა, ფაკულტეტების დეკანებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, თსუ წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა. ღონისძიების დასრულების შემდეგ თსუ კურსდამთავრებულებს ვებგვერდიდან gifme.ge სამახსოვრო ვირტუალური დიპლომების გადმოწერისა და საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე გაზიარების შესაძლებლობა აქვთ.
„ჩვენს კურსდამთავრებულებს ვუსურვებ წარმატებულ კარიერას. დარწმუნებული ვარ, რომ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა აუცილებლად გამოადგებათ პრაქტიკულ საქმიანობაში,- განაცხადა ონლაინ ღონისძიებაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და მადლობა გადაუხადა ყველა სტუდენტსა და პროფესორს პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევასა და სწავლისა და სწავლების ხარისხის შენარჩუნებასა და განვითარებისათვის.
„თქვენი მომავალი, ჩვენი ქვეყნის მომავალია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ევროპული მომავალი. გისურვებთ წარმატებებს და ნუ დაგავიწყდებათ, რომ თსუ ყოველთვის იქნება თქვენთან ერთად. გახსოვდეთ, რომ უნივერსიტეტის კარი ყოველთვის ღიაა ყველა კურსდამთავრებულისთვის და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ერთხელ უნივერსიტეტელი, მუდამ უნივერსიტეტელია,“-ასე მიმართა თსუ რექტორმა კურსდამთავრებულებს.
საზეიმო ონლაინღონისძიება სხვადასხვა საინტერესო დეტალისგან შედგებოდა: 22 ივლისიდან თსუ პირველ, მეორე და მეათე (მაღლივ) კორპუსებში, აგრეთვე, ფილარმონიის წინ რეალური ფოტოზონები მოეწყო, სადაც სტუდენტები სამახსოვრო ფოტოებს იღებენ.
„ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, სწავლის პროცესი საკმაოდ რთული იყო, ბევრ გამოწვევას გავუმკლავდით. ვულოცავ ყველა კურსდამთავრებულს, წარმატებებს ვუსურვებ და მადლობა უნივერსიტეტს სირთულეების მიუხედავად ასეთი დაუვიწყარი ღონისძიების გამართვის გამო,“- განაცხადა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა ლალი მექერიშვილმა.
„ამაყი ვარ, რომ ვსწავლობდი თსუ-ში. ძალიან რთულ პერიოდში მომიწია მაგისტრატურაზე სწავლა, მაგრამ ამ ორმა წელმა ბევრი რამ მომცა. ყველა კურსდამთავრებულს საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების სრულად რეალიზებას, მომავალ სტუდენტებს კი საინტერესო და ნაყოფიერ სტუდენტურ ცხოვრებას ვუსურვებ,“- აღნიშნა თსუ მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრატურის წარჩინებულმა კურსდამთავრებულმანანა აჭაიძემ.
2021 წლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის შვიდივე ფაკულტეტის ყველაზე წარმატებულ კურსდამთავრებულებს თსუ-მა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 240-მდე საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის FIBAA და ABET საერთაშორისო აკრედიტაციების მქონე პროგრამებზე 22 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, მათ შორის, 27 უცხოენოვან პროგრამაზე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პირველი გამოშვება 1922 წელს ჰყავდა. ამ ხნის მანძილზე, თსუ 300 ათასზე მეტმა სტუდენტმა დაამთავრა. ახალ 2021-2022 სასწავლო წელს თსუ 5800-ზე მეტ პირველკურსელს მიიღებს.