ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ხარისხიანი განათლების განვითარებას და
მიწოდებას ჩვენი მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების განვითარების ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ერთის მხრივ გამოწვევა იყო განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ახლა პრიორიტეტულია ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
„ამ მიზნით, ბატონ მინისტრს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა. მან და მისმა გუნდმა ზუსტად იციან, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში განათლება და მეცნიერება, ზოგადად როგორ უნდა ავწიოთ დონე, იმისთვის, რომ მაგალითად, ჩვენი მოქალაქეები, ადგილზე იღებდნენ ხარისხიან განათლებას, როგორც სკოლამდელ, ასევე სკოლასა და შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ძალიან კარგი მაგალითი, რომელსაც ჩაეყარა საფუძველი. ეს არის უპრეცედენტო პროექტი და იდეა სწორედ ამაში მდგომარეობს. მოგეხსენებათ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პარტნიორი. განათლების დონე და ხარისხი უკვე არის შესაბამისობაში ევროპულ განათლებასთან და ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.