ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მართლმადიდებელ ტაძარში წირვა აღევლინება.
ქეთევან დედოფალი აშოთან მუხრანბატონის ასული და ალექსანდრე კახთა მეფის რძალი იყო.
მტკიცე რწმენის დედოფალს მოღვაწეობა უაღრესად რთულ პოლიტიკურ ვითარებაში მოუხდა. ქეთევანმა თერთმეტი წელი სპარსეთში გაატარა. შაჰმა ქეთევანის გამაჰმადიანება მოითხოვა, რაზეც მისგან სასტიკი უარი მიიღო.
მსაჯულები დედოფალს ბევრ ამქვეყნიურ სიკეთეს სთავაზობდნენ და ცდილობდნენ მის დაყოლიებას, თუმცა, ამაოდ. ქეთევან დედოფალი 1624 წელს შირაზში წამებით მოკლეს.
დედოფლის ნეშტის ნაწილები გოას ავგუსტინელმა ბერებმა სპარსეთიდან გაიტანეს. აღნიშნული ნაწილები საქართველოში - ალავერდის მონასტერში ინახებოდა, თუმცა, 1723 წელს დაიკარგა, ასევე, ინახებოდა ინდოეთში - გრასის მონასტერში, რომში - წმიდა პეტრეს ტაძარსა და ბელგიაში - ნამიურის ტაზარში.
ქეთევან დედოფალი საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 26 სექტემბერი დააწესა.

















