პატიმრების - ზვიად და გიორგი ადეიშვილების დედა ელისო ესებუა საზოგადოებას მოუწოდებს, აქცია
ქსნის მე-15 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთანაც გამართონ.
ამასთან, ესებუა ამ დაწესებულებაში მის შვილთან ზვიად ადეიშვილთან ჟურნალისტების შესვლას ითხოვს.
როგორც ესებუამ ფილარმონიასთან მიმდინარე უფლებადამცველების აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, მან დღეს ტუბდისპანსერში ერთ-ერთი ვაჟი ზვიად ადეიშვილი მოინახულა.
შვილმა მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქსნის მე-15 დაწესებულებაში გლდანის მე-8 დაწესებულებაზე არანაკლებ ცუდი მდგომარეობაა.
„დღეს ჩემი შვილი ზვიად ადეიშვილი ვნახე, რომელიც ტუბდისპანსერში იმყოფება. ის გლდანის მე-8 საპყრობილედან ქსანში 21 სექტემბერს გადაიყვანეს. როგორც ჩემი შვილი აცხადებს, ამ ხნის განმავლობაში არც ექიმი უნახავს და არც საჭირო მედიკამენტები მიუღია“ - განაცხადა ესებუამ.
მისი თქმით, ზვიად ადეიშვილი ყოველთვის აპროტესტებდა პატიმრების მიმართ განხორციელებულ ძალადობას, ამის გამო კი, მას ძილის წამლებს ასმევდნენ.
„მოგიწოდებთ დედებს, საზოგადოებას, გავაპროტესტოთ ის, რაც ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხდება. გარედან თითქოს სიმშვიდეა, თუმცა, როგორც ჩემმა შვილმა მითხრა, აღნიშნულ დაწესებულებაში არა ერთ უსამართლობას აქვს ადგილი“- განაცხადა ელისო ესებუამ.
ამ წუთებში ფილარმონიასთან აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან.

















