არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ კენჭისყრის შენობაში ფოტო და ვიდეო
გადაღების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ დადგენილებას კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს.როგორც „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, დადგენილება საარჩევნო კოდექსით გარანტირებულ დაკვირვების უფლების განხორციელების შესაძლებლობას ზღუდავს.
მათი თქმით, ცესკო-ს მიერ მიღებული დადგენილება არამარტო ახალ საარჩევნო პროცედურებს აწესებს, არამედ ხშირ შემთხვევაში, საარჩევნო კანონმდებლობისგან განსხვავებული, უფლებაშემზღუდველი რეგულაციები შემოაქვს.
„დადგენილება კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირის შესაძლებლობას - ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს შეუზღუდავად და დაბრკოლების შექმნის გარეშე ისარგებლონ საარჩევნო კოდექსით გარანტირებული უფლებებით, უკანონოდ ზღუდავს“ - აცხადებენ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები.
მათივე შეფასებით, დადგენილება თავისი შინაარსიდან გამომდინარე, საარჩევნო კოდექსით გარანტირებული ფოტო და ვიდეოგადაღების უფლების შემზღუდველ სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, რომელიც საარჩევნო პროცედურების დარღვევების სათანადო გამოვლენისა და აღბეჭდვის შესაძლებლობას ეჭქვეშ აყენებს.
„სამართლიანი არჩევნები“ ცესკო-ს 24 სექტემბრის დადგენილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღება კენჭისყრის პროცესში სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი. ფოტო და ვიდეოგადაღების დაწყებიდან 10 წუთის განმავლობაში გადაადგილება თავისუფალია, ხოლო 10 წუთის შემდეგ, კამერები განთავსდებიან გადასაღები ობიექტიდან, მინიმუმ, 3 მეტრის მანძილზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.
გარდა ამისა კამერებისთვის სპეციალური ადგილი ისე უნდა იყოს გამოყოფილი, რომ საარჩევნო ყუთი ჩანდეს.
საარჩევნო უბანზე სამაგიდო სიისა და ამომრჩეველთა კაბინის შიგნიდან გადაღება იკრძალება. მობილური ტელეფონით გადაღებაზე რეგულაციები არ ვრცელდება.
გადაღება დაშვებულია პირველიდან ბოლო ამომრჩევლამდე და შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებამდე პერიოდის ჩათვლით. თუ ოპერატორმა ერთხელ მაინც დატოვა საარჩევნო უბანი, ის გადაღების უფლებას კარგავს.

















