საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
და ვიკიმედიის ქართული ჯგუფი კონკურსის – „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“ მონაწილეებს, საკონკურსო მასალის თემატიკისა და ტექნიკური პარამეტრების გაცნობის მიზნით, სპეციალურ ტრენინგებს სთავაზობს.
ტრენინგი კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ ინფორმაცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ქართველოლოგიური მასალის შესახებ და გაეცნონ მათ მიერ მომზადებული სტატიების ვიკიპედიის პლატფორმაზე ატვირთვისა და საკონკურსოდ წარდგენის პირობებს.
ერთსაათიანი ტრენინგები დისტანციურ ფორმატში 31 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით შემდეგი თანმიმდევრობით ჩატარდება:
31 ივლისი, 11:00 საათი – ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ქართველოლოგიური მასალები და მათ შესახებ ვიკისტატიების მომზადების პრინციპები.
1 აგვისტო, 11:00 საათი – როგორ დავარედაქტიროთ ვიკიპედია?
2 აგვისტო, 20:00 საათი –როგორ შევქმნათ ახალი სტატია ვიკიპედიაში?
3 აგვისტო, 20:00 საათი –რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ვიკიპედიის სტატია, რომ არ წაიშალოს?
ტრენინგში მონაწილეობა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. მონაწილეობის მსურველებმა 29 ივლისის ჩათვლით შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონულად უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: exb.edu@manuscript.ac.ge
შეგახსენებთ, რომ სტატიების კონკურსი „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“, ქართველოლოგიისა და ქართული მეცნიერების ინტერნეტ სივრცეში ცნობადობის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში 1-ელ ივლისს გამოცხადდა.
კონკურსი ერთ-ერთია იმ ღონისძიებებს შორის, რომლებსაც სამინისტრო მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით განახორციელებს. შედეგად, საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა – ვიკიპედია ქართველოლოგიის, ქართველოლოგ მეცნიერთა, ქართულ ხელნაწერთა, საქართველოს მეცნიერების, მისი დარგებისა და თვალსაჩინო წარმომადგენლების შესახებ სანდო წყაროზე დაფუძნებული მასალებით შეივსება და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: https://bit.ly/2UF3Epj
კონკურსთან და ტრენინგთან დაკავშირებული საკითხების დასაზუსტებლად, სტატიის შესაქმნელად საჭირო ელექტრონული რესურსებისა და დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ელფოსტის მეშვეობით: exb.edu@manuscript.ac.ge