ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი რუსთავში კომპანია „ქართლი ტექსტილის"
თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესს დაესწრო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, „იმისთვის, რომ არ დავუშვათ ინფიცირების მაჩვენებლების სწრაფი ზრდა და შევინარჩუნოთ პოზიტიური ტენდენციები, ძალიან მნიშვნელოვანია მასობრივი ვაქცინაცია".
ნათია თურნავას განმარტებით, ეკონომიკის სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად კოორდინირებას უწევს მსხვილ საწარმოებში დასაქმებულთა ორგანიზებულად ვაქცინაციას. ეკონომიკის მინისტრმა დღეს „ქართლი ტექსტილის" თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა სწორი სამოქალაქო პოზიციის გამო, ისაუბრა პანდემიის დამარცხების პროცესში ვაქცინაციის უალტერნატივობაზე, და ამ პროცესში საქართველოს თითოეული მოქალაქის ჩართვის და პასუხისმგებლობის შესახებ.
„საწარმო 1700 ადამიანს ასაქმებს - ესენი არიან რუსთავის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი ადამიანები, ძირითადად ქალბატონები. რა თქმა უნდა, ეს საწარმო რამდენადაც მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი ექსპორტისთვის, იმდენად მომატებული რისკის ფაქტორია - ერთ სივრცეში მუშაობს ბევრი ადამიანი და ძალიან მნიშვნელოვანია მათი დროული ვაქცინაცია, რათა საწარმომ კვალავაც შეძლოს შეუფერხებლად მუშაობა და ეს ადამიანები ჯანმრთელები იყვნენ. ამიტომ დღეს მოვედი, დავესწარი ვაქცინაციის პროცესს, გავესაუბრე ქალბატონებს, ისინი ძალიან მონდომებულები არიან", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
დღეისთვის „ქართლი ტექსტილის" 300-მდე თანამშრომელი იცრება და ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე სრულად არ მოიცავს იქ დასაქმებულ ყველა ადამიანს. ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ვაქცინაციის პროცესი ანალოგიურად ჩატარდება რუსთავის სხვა მსხვილ საწარმოებშიც.