სათაფლიასა და დიდ ჯიხაიშში აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა
სააგენტოსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის „ევროპული არდადეგები“ მორიგი ღონისძიებები გაიმართა.
პროექტის ფარგლებში მოწვეულმა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს ერთდღიანი სემინარი ჩაუტარა. სემინარზე ყურადღება გამახვილდა ისეთ თემებზე როგორიცაა, ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა და ქართული კულტურა - როგორც საერთო ევროპული ტრადიციისა და ღირებულებების ნაწილი.
სემინარის მონაწილე ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, რომელმაც ადამიანის უფლებების დაცვაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობასა და ევროპული ღირებულების შესახებ ისაუბრა.
ღონისძიებაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი, სათაფლიის ნაკრძალი და ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დაათვალიერეს.
პროექტი „ევროპული არდადეგები“ მეორე წელია იმართება და მისი მიზანია ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა.