ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის 70-მდე სტუდენტი 3 თვიანი სასწავლო პრაქტიკით გერმანიაში
მიემგზავრება. სტუდენტების გერმანიაში გამგზავრება აჭარის მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა.
თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ სტუდენტებს მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ სახელმწიფოს მხრიდან, არა მხოლოდ განათლების, არამედ კარიერული მიმართულებით და მომავალ წელს საზღვარგარეთ პრაქტიკის მისაღებად სტუდენტთა რაოდენობა გაორმაგდება.
,,მნიშვნელოვანია, რომ გავაორმაგოთ სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც დაფინანსდებიან ამ პროგრამით, რადგან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია განათლებული ახალგაზრდობა - განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გქონდეთ მხარდაჭერა როგორც ახლა, ისე მომავალში.
დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად დაუბრუნდებით ჩვენს ქალაქს და ერთად გავაგრძელებთ საქმის კეთებას, რომელიც გულისხმობს როგორც ჩვენი ეკონომიკის, ასევე თითოეული ჩვენი მოქალაქის კიდევ უფრო მეტ კეთილდღეობას" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
სტუდენტების შერჩევა კონკურსის წესით მოხდა, გერმანიის შვერინის ბალტიკის კოლეჯსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი 2013 წელს გაფორმდა და 600 სტუდენტი გადამზადდა.