ანსამბლი „ერისიონი“ საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას უცხადებს.
ამის შესახებ განცხადება ანსამბლის წარმომადგენლებმა დღეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გააკეთეს.
როგორც ანსამბლის ერთ-ერთმა წევრმა დავით ჩხაიძემ აღნიშნა, „ერისიონის“ წარმომადგენლები იდგებიან იქ, სადაც თითოეული ქართველი დგას.
მისი თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ანსამბლში განხეთქილება მოხდა და სხვადასხვა აზრი არსებობდა, თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
„დღეს აქ ანსამბლის დიდი ნაწილია სახეზე, რადგან ყველამ ერთად ჩვენი პოზიცია გვინდა დავაფიქსიროთ. ყველანაირი ძალადობის მოწინააღმდეგენი ვართ. არ გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ძალადობა და განუკითხაობაა“ – განაცხადა ჩხაიძემ.
მისივე თქმით, ისინი „ქართულ ოცნებას“ უჭერენ მხარს, რადგან მიაჩნიათ, რომ ის ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის ეს ერთ-ერთი გზაა.
მისივე თქმით, ანსამბლის ხელმძღვანელობა აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმირებულია და მათგან არანაირ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია.
„ერისიონის“ წევრობასთან ერთად, ჩვენ პირველ რიგში მოქალაქეები ვართ. შეგვიძლია სრულიად დამოუკიდებლად გამოვხატოთ ჩვენი აზრი, ასე რომ ამაში წინააღმდეგობას ვერავინ გაგვიწევს“ - განაცხადა ჩხაიძემ.
მისივე თქმით, „ერისიონი“ ქართველი ერის გარეშე არ იარსებებს, რადგან ქართული ხელოვნება არავის სჭირდება, როცა ქვეყანაში მსგავსი განუკითხაობა ხდება.
„ერისიონის“ წარმომადგენლები დღეს ფილარმონიასთან დაგეგმილ სტუდენტების აქციას შეუერთდებიან და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავის პოზიციას დააფიქსირებენ.

















