დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის
განახლება დაიწყო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვენახების სარეგისტრაციო უბნები განთავსებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ფიროსმანი, სამთაწყარო, არხილოსკალო და ზემო ქედი, უახლოეს დღეებში დაემატება ახალი ლოკაციები.
2021 წლიდან, რთველის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს.
ვენახების რეგისტრაცია და კადასტრის ამონაწერით მოსავლის ჩაბარება ყველა მევენახისთვის სავალდებულო გახდა.
ვენახთან დაკავშირებული ცვლილებების შემთხვევებში - ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, გაჩუქება, გაშენება ან ამოძირკვა - განახლება სავალდებულოა.
მევენახემ სარეგისტრაციო უბნებზე მხოლოდ პირადობის მოწმობა უნდა წარადგინოს, საკადასტრო ამონაწერის მიღება კი უფასოა.
უწყების ინფორმაციითვე, ფერმერებს ვენახების რეგისტრაცია და ვენახის საკადასტრო ინფორმაციის განახლება ასევე მიმდინარეობს ყვარელში, გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, ახმეტაში და აღნიშნული მუნიციპალიტეტების სოფლებში განთავსებულ სარეგისტრაციო უბნებში. ლაგოდეხისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში რეგისტრაცია უახლოეს დღეებში დაიწყება.
ვენახების კადასტრის პროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზს - 1501 დაუკავშირდნენ.