პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა
პროფესიული განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს მიეცემა შესაძლებლობა, პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები დააფუძნონ.
„კანონპროექტის მიღება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს მისცემს შესაძლებლობას უფრო ეფექტური, მოქნილი და მათ საჭიროებებზე ორიენტირებული გახადოს პროფესიული განათლება ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის", - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ.
კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ის, რომ აღნიშნული კომპეტენცია აქვთ მუნიციპალიტეტებს და არ აქვს ავტონომიურ რესპუბლიკებს, მოქმედ კანონმდებლობაში საკანონმდებლო ხარვეზია.
დღესვე კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს.