ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე
რეგიონებში გეგმიურ ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში ის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი გოგლიჩიძესა და ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, კობა კობალაძემ იმ გეგმებზე ისაუბრა, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, პრიორიტეტული პროგრამების შემუშავებას და მათი ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფას ეხება.
ზესტაფონელმა ვეტერანებმა, მათთვის ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე მიიღეს პასუხი. მათ ეცნობათ, რომ პრობლემურ საკითხებს, დირექტორის გადაწყვეტილებით შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეისწავლის და მათი გადაჭრის გეგმას შეიმუშავებს.
გიორგი გოგლიჩიძემ მადლობა გადაუხადა კობა კობალაძეს სტუმრობისთვის და ის სოციალური პროგრამები გააცნო, რომლითაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანები სარგებლობენ.
შეხვედრას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გელა ცინაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"სამსახურის დირექტორის გეგმიური შეხვედრები რეგიონებში მცხოვრებ ვეტერანებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან,სამსახურის ბენეფიციართა სოციალურ - ეკონომიკურ და ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად სხვადასხვა უწყებების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას და უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ისახავს მიზანს" - აცხადებენ უწყებაში.