საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება სხვადასხვა მედია საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას
და განმარტავს, რომ 9 ივლისს, ქალაქ ოზურგეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი მეწარმის სავაჭრო ობიექტის დათვალიერების შედეგად, გამოვლინდა აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული უაქციზო საქონლით (სიგარეტი) ვაჭრობის ფაქტი.
„ამ დროს აღნიშნულ ობიექტზე მყოფმა მეწარმემ და სხვა პირებმა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებს, ხელი შეუშალეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და აიძულებდნენ დაეტოვებინათ ტერიტორია.
შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მეწარმის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის გამო, ვერ ამოიღეს უაქციზო თამბაქოს ნაწარმი და ვერ შეძლეს კანონით დადგენილი სხვა პროცედურების განხორციელება, რის გამოც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მეწარმეს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.
ამასთან, ძალადობის შესახებ შეტყობინების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით.
აქვე, აღვნიშნავთ, რომ მედია საშუალებებს გავრცელებული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისთვის არ მიუმართავთ.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული უაქციზო საქონლის შენახვის/გადაზიდვის/რეალიზაციის მკაცრ მონიტორინგს ახორციელებს და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“ - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.