თბილისის იუსტიციის სახლთან მეოთხე დღეა ახალგაზრდების შიმშილობის აქცია მიმდინარეობს. როგორც „ნიუსპრესს“ ერთ-ერთმა მოშიმშილემ გიორგი კვარაცხელიამ
განუცხადა, წუხელ მათ აქციას სამი ახალგაზრდა შეუერთდა და შესაძლოა, მსურველები დღესაც შეემატოს.
„ჩვენი აქცია ჯერჯერობით გრძელდება. მეტროსადგურ „რუსთაველთან“ სოლიდარობის აქცია იმართება, საიდანაც აქ მსვლელობით მოვლენ. მსვლელობის შემდეგ, სავარაუდოდ, ბრიფინგს გავმართავთ და სამომავლო გეგმებზე შევთანხმდებით“ - განაცხადა კვარაცხელიამ.
მისი თქმით, დაკავებულ ლაშა მესხიასთან ერთად, შიმშილობა დავით ფაცაციამაც დაიწყო.
იუსტიციის სახლთან ამ დროისთვის, იმავე ადგილას დაკავებული ახალგაზრდების - ლაშა მესხიასა და დავით ფაცაციას სოლიდარობის ნიშნად, 10 მოქალაქე შიმშილობს. მათ შორის 7 სტუდენტი, ერთი კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი უჩა კანდელაკი, მწერალი ირაკლი ლომოური და მისი მეგობარი არიან.
ლაშა მესხია და დავით ფაცაცია 21 სექტემბერს იუსტიციის სახლის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობის დროს დააკავეს. აღნიშნული პირები თბილისის საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავა. მათ ბრალად პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ედებათ.
სასამართლომ დაკავებულებს 40 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

















