ბოლნისში, ძველი გერმანული წისქვილის სივრცეში, ბოლნისური ღვინოების პრეზენტაცია-
დეგუსტაცია გაიმართა.
ღონისძიება „ბოლნისი - ოქროსფერი ღვინის ქალაქი“ მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისის” და ,,ბოლნისის აგროცენტრი“-ს ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით მოეწყო.
ღონისძიებაზე „ქართული ღვინის გილდიის“ მიერ, OIV-ის საერთაშორისო სტანდარტით, შეფასებული 16 ბოლნისური მარნის, 29 საუკეთესო ღვინის პრეზენტაცია - დეგუსტაცია საქართველოს წამყვანი სომელიეების, ღვინის მაღაზიების და ცნობილი რესტორნების წარმომადგნელებისთვის შედგა. ღონისძიებაზე ასევე პირველი ქართული ღვინის ჟურნალის Homeland OF Wine-ის პრეზენტაციაც გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მოწვეულმა შეფმა, მიშა ავსაჯანიშვილმა, გასტრონომიული ტურიზმის ექსპერტ ქეთი კვიჭიძესთან ერთად, სტუმრებს ბოლნისური სამზარეულოსთვის დამახასიათებელი ტრადიციული ავთენტური კერძების თანამედროვე ვარიაციები წარუდგინა.
„ბოლნისი - ოქროსფერი ღვინის ქალაქი, აღმოაჩინე ბოლნისური ღვინო“ ფარგლებში, მოწვეულმა სტუმრებმა „არემჯის“ მიერ ბოლნისური მეღვინეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეძენილი ქართულ-გერმანული ღვინის სახლი და ელიას მთის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს.
ღონისძიებას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი ესწრებოდნენ.
მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“ 2018 წელს ჩამოყალიბდა და 35-მდე მცირე ტიპის საოჯახო მარანს აერთიანებს. ბოლნისელი მეღვინეეების მიზანია ბოლნისში აღდგეს ძველი ქართული მეთოდით ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია, რაც 400 წლის განმავლობაში დაკარგული იყო.
“ბოლნისში ღვინის წარმოების კულტურის აღორძინება მუნიციპალიტეტს შესაძლებლობას აძლევს რეგიონში ღვინის ტურიზმის ცენტრად იქცეს. სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ. მერიის მხარდაჭერით ღონისძიების „ბოლნისი - ოქროსფერი ღვინის ქალაქი“ ფარგლებში, ბოლნისური ღვინოების პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. ჩვენს მეღვინეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პროდუქცია პოტენციური მყიდველებისა და დაინტერესებული პირებისთვის წარედგინათ. მოხარული ვარ, რომ ბოლნისური, მართლაც გამორჩეული არომატისა და გემოვნური თვისებების მქონე ღვინოებისადმი ინტერესი თანდათან იზრდება, ეს კი ჩვენი მუნიციპალიტეტის ეკონომიკის განვითარებისთვის უდავოდ მნიშვნელოვანია. მსურს, ღონისძიების თითოეულ მხარდამჭერს თანადგომისთვის დიდი მადლობა გადავუხადო”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.