გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რეგიონების მასშტაბით მოსახლეობის უწყვეტი
წყალმომარაგებისთვის პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.
ამჯერად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების - რუფოთისა და ტელეფას წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.
რუფოთსა და ტელეფაში დღემდე არ არსებობს სასმელი წყლის ცენტრალიზებული სისტემა, მოსახლეობა ეზოებში თვითნებურად მოწყობილი ჭებით სარგებლობს. აღნიშნული სოფლების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის რიგი უბნები მარაგდება თერჯოლის წყალმომარაგების ქსელიდან.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რეზერვუარის, სატუმბი სადგურისა და წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემის მოწყობა. სამუშაოებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 400 000 ლარზე მეტი მოხმარდება.
კონტრაქტორმა კომპანიამ საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები 2023 წლის გაზაფხულზე უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც 2 500-ზე მეტი ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.