შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას
გორის №3 საჯარო სკოლაში გახსნილ ცენტრში დააკვირდა.
დღეს აბიტურიენტებმა ინგლისური და რუსული ენების გამოცდა ჩააბარეს. დარეგისტრირებულებიდან გამოცხადდა 92%-ზე მეტი აბიტურიენტი. დაიგვიანა ათმა გამოსაცდელმა.
დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზის გამო არ გამოცხადდა 30-მდე აბიტურიენტი. ისინი საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან და გამოცდას მოგვიანებით ჩააბარებენ. დამატებითი სესია დაინიშნება იმ 80 - მდე აბიტურიენტისთვისაც, რომლებმაც ანალოგიური მიზეზის გამო ვერ შეძლეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გასვლა.
საგამოცდო პროცესი პირველ ივლისს დაიწყო და ამ დრომდე შეუფერხებლად მიმდინარეობს. გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტის ნაცვლად გამოცდაზე გასვლას სხვა პირი ცდილობდა. შესაბამისად, მან რეგისტრაცია ვერ გაიარა - აბიტურიენტი საგამოცდო პროცესს გამოეთიშა.
ხვალ აბიტურიენტები უცხოური ენების გამოცდას ისევ ორ სესიად ჩააბარებენ.
ინგლისური ენა ჩასაბარებლად 32 500-მდე აბიტურიენტმა აირჩია. გერმანულ ენას 550-მდე გამოსაცდელი, რუსულს - 2 700-მდე, ფრანგულს კი 50-ზე მეტი გამოსაცდელი აბარებს. ტესტის მაქსიმალური ქულაა 80. საგამოცდო დროის ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი.
საქართველოს მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ყველა საგამოცდო ცენტრში ზედმიწევნით სრულდება ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციები. ყოველი სესიის დასრულების შემდეგ ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.
უცხოურ ენებში გამოცდას აბიტურიენტები 7 და 8 ივლისსაც ჩააბარებენ. 9 ივლისს პროცესი მათემატიკის გამოცდით გაგრძელდება.