კომუნიკაციების კომისიისთვის მიუღებელია 5 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე მომხდარი ძალადობისა და თავდასხმის ფაქტები, რა
დროსაც 50-ზე მეტმა ჟურნალისტმა, ოპერატორმა და ფოტოგრაფმა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანებები. ფიზიკური ძალადობის გარდა, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მუქარას და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას. მედიის წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლობა შეესრულებინათ პროფესიული მოვალეობა, მიუხედავად ამისა, მათ საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად მოახერხეს საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია - ამის შესახებ კომუნიკაციის ეროვნულკი კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
კომუნიკაციების კომისია გმობს ყოველგვარ ძალადობას და აგრესიას, მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე არაერთი საერთაშორისო კონვენციით.
"ცნობილია, რომ მომხდართან დაკავშირებით შესაბამისმა უწყებებმა უკვე დაიწყეს გამოძიება, ახლა სწორედ სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უნდა მოხდეს ყველა პირის იდენტიფიცირება და დამნაშავეებმა კანონის სრული სიმკაცრით აგონ პასუხი.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც ქვეყანაში მედიაპოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა, აგრესია და სიძულვილის ენა" - აცხადებენ კომისიაში.