მინდა ჩვენს მოსახლეობას ვაცნობო ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური ინფორმაცია. დღეს ჩვენ ჩამოგვივიდა მილიონი დოზა ვაქცინა. ეს არის ჯანდაცვის
მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ავტორიზებული ჩინური ვაქცინები, „სინოფარმი" და „სინოვაკი", რომელსაც ჩვენი მოსახლეობა უკვე კარგად იცნობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, არსებობს მზადყოფნა, რომ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი ორშაბათიდან დაიწყოს.
„მინდა ჩვენს მოსახლეობას ვაცნობო ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური ინფორმაცია. დღეს ჩვენ ჩამოგვივიდა მილიონი დოზა ვაქცინა. ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ავტორიზებული ჩინური ვაქცინები, „სინოფარმი" და „სინოვაკი", რომელსაც ჩვენი მოსახლეობა უკვე კარგად იცნობს. მილიონი დოზა უკვე ადგილზეა. ჩვენ მზად ვართ, ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი. აქვე მინდა, მოსახლეობას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდო შემდეგი დოზების შემოსვლის თაობაზე. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ პირდაპირ, უშუალოდ მწარმოებლებთან. ისე, როგორც სინოფარმის და სინოვაკის შემთხვევაში მოხდა, ჩვენ აქტიურად ვაწარმოეთ მოლაპარაკებები და წარმატებით დავასრულეთ ეს მოლაპარაკებები და შემოვიდა მილიონი დოზა. უახლოეს რამდენიმე კვირაში შემოვა ნახევარი მილიონი დოზა სინოფარმი და ნახევარი მილიონი დოა სინოვაკი. ჯამში, 2 მილიონი დოზა გვაქვს შეკვეთილი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ივლისიდან ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა ერთი მილიონი დოზა „ფაიზერის" ვაქცინა.
„გარდა ამისა, „ფაიზერთან" ჩვენი წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, მივაღწიეთ შეთანხმებას, მილიონი დოზის თაობაზე. კონტრაქტი არის გაფორმებული, ფული გადახდილი გვაქვს. „ფაიზერიც" ასევე ეტაპობრივად, ივლისიდან დაიწყებს აღნიშნული მილიონი დოზის მოწოდებას და ჯამში, ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლომდე დაახლოებით 4 მილიონამდე დოზას მივიღებთ, რა გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენს მიერ განსაზღვრული სამიზნე - ზრდასრული მოსახლეობის 60% იყოს სრულად აცრილი წლის ბოლომდე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.