კომუნიკაციების კომისია მობილური მომსახურების ბაზარზე საცალო სატარიფო რეგულირებას აუქმებს და მობილურ ოპერატორებს
სატარიფო მოქნილობას უბრუნებს. კომუნიკაციების კომისიის მიერ სატარიფო კონტროლის გაუქმება მობილური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს პანდემიის პირობებში ოპერატიულად უპასუხონ ეკონომიკურ გამოწვევებს, განახორციელონ ინვესტიციები და მომხმარებლისთვის უწყვეტი და ხარისხიანი სერვისების მისაწოდებლად ახალი ტექნოლოგიები დანერგონ.
ახალი ქმედითი მექანიზმი, რომელიც „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შედეგად ამოქმედდა, სექტორულ მარეგულირებლებს შესაძლებლობას აძლევს, იხელმძღვანელონ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტებით, ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის განხილვისას. აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ და მის საფუძველზე, კომისიას ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული მექანიზმები, ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მომსახურების მიმწოდებელი სუბიექტების მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში. მათ შორის, ისეთი ქმედებებისას, როგორიცაა მომსახურების ბაზრის მომხმარებლის ინტერესების საზიანოდ შეზღუდვა.
შესაბამისად, საცალო სატარიფო რეგულაციიდან გამოსვლის მიუხედავად, კომუნიკაციების კომისია, როგორც სექტორის რეგულატორი, საკუთარი ფუნქციებისა და ამოცანების ფარგლებში, კომპანიების მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და მომხმარებლების ინტერესების შეზღუდვის შემთხვევაში, შეისწავლის საკითხს და დარღვევის დადასტურებისას, კანონის შესაბამისად მოახდენს რეაგირებას.
კომუნიკაციების კომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებას „მაგთიკომის", „სილქნეტისა" და „ბილაინის" მიმართვა დაედო საფუძვლად. კომპანიები კომისიას მობილური მომსახურების საცალო ბაზარზე სატარიფო კონტროლის კუთხით დაკისრებული ვალდებულებების გაუქმებას სთხოვდნენ. მიზეზად ოპერატორები კოვიდ პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ მდგომარეობას, მათ შორის ინფლაციას და საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებულ გამოწვევებს ასახელებენ. პანდემიის პირობებში სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე გაზრდილმა მოთხოვნამ ქსელის მნიშვნელოვანი დატვირთვა გამოიწვია, რაც დამატებით საოპერაციო და კაპიტალურ ინვესტიციებს საჭიროებს. პანდემიამ კონკრეტული ტიპის მომხმარებელთა, მათ შორის როუმერების რაოდენობის შემცირება გამოიწვია და ნაწილობრივ ზეგავლენა იქონია მომხმარებელთა გადახდისუნარიანობაზე. კომპანიები მიუთითებდნენ, რომ შექმნილი ეკონომიკური ფაქტორები ასევე ნეგატიურ გავლენას ახდენს ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, მათ შორის მე-5 თაობის ქსელების განვითარების შესაძლებლობაზე.
მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, მიმდინარე ტენდენციების ფონზე, 5G ქსელის განვითარება კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს. კომუნიკაციების კომისია გეგმავს 5G ქსელის აუქციონის გამართვას. ამ მიმართულებით კომისიას უკვე გადადგმული აქვს ქმედითი ნაბიჯები, რაც გამოიხატება სიხშირული რესურსის გამოყოფაში, აუქციონის საწყისი ფასის გაანგარიშებაში და პირობების დადგენაში. შესაბამისად, კომპანიები დგანან იმ გამოწვევის წინაშე, რომ მოიზიდონ ინვესტიციები 5G ქსელის განვითარებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დანახარჯებისთვის.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროპულ ქვეყნებში საცალო სატარიფო კონტროლის გაუქმების ერთ-ერთი წინაპირობა მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების დაშვება და MVNO ბაზრის სეგმენტის განვითარება გახდა. სწორედ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების დაშვებით მოხდა ევროპის სატელეკომუნიკაციო ბაზრების ლიბერალიზაცია და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესება, რაც თავის მხრივ აისახა მომხმარებლისთვის მობილური საცალო მომსახურებების ლიბერალურ სატარიფო განაკვეთებზე.
ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიები „მაგთიკომი", „სილქნეტი" და „ბილაინი" საკუთარ ქსელზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების მზაობას ადასტურებენ.
შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ მობილური კომპანიებისთვის სატარიფო მოქნილობის უზრუნველყოფაზე იმსჯელა და მიიჩნია, რომ ტელეკომ სფეროს განვითარებისა და სტაბილურობისთვის, საინვესტიციო მიმზიდველობისა და პანდემიითა და ინფლაციით გამოწვეული ეკონომიკური ფაქტორების დასაძლევად, აუცილებელია მოხდეს მობილურ საცალო სეგმენტზე ტარიფების დერეგულაცია.