სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი უწყვეტი განათლების ხელშეწყობაა. აქტიურად
მიმდინარეობს და შეუქცევად პროცესად ჩამოყალიბდება პროფესიული სასწავლებლების გაძლიერება; დაწყებულია საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და მათი აკრედიტაცია, დარგობრივი პროფესიების პოპულარიზაცია, რაც ხელს შეუწყობს ისეთი დეფიციტური სპეციალისტების მომზადებას, როგორებიცაა მეტყევე-ტაქსატორი, გარემოსდაცვითი მმართველი, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მცოდნე - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლიე მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
„საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე, ფერმერებისთვის თანამედროვე ცოდნასა და ახალ ტექნოლოგიებზე წვდომის უზრუნველყოფის მიზნით, კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები და სემინარები სისტემურ ხასიათს მიიღებს. დამუშავებული სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს, ასევე ითვალისწინებს წარმატების ისტორიების გაცნობა-გაზიარება. ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის ხარისხიანი პროდუქციის წარმოების ზრდას.
განათლებაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აღნიშნული მიმართულებით საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), კლიმატის მწვანე ფონდი (GCF), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), შვედეთის, შვეიცარიის, ავსტრიის მთავრობები“ - განაცხადა მინისტრმა.