გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გრძელვადიანი
ხედვა - „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე წარადგინა. მინისტრმა განვითარების ხედვის მიმართულებებზე დეტალურად ისაუბრა.
„საქართველოს პარლამენტში, მთავრობის დამტკიცების დროს, ჩვენ განვაცხადეთ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ქვეყანაში ბრაკონიერობის აღმოფხვრა. მნიშვნელოვანი სამუშაო გვექნება ამ კუთხით პოლიტიკის შემუშავებისთვის, რათა პოლიტიკა იყოს უფრო ადეკვატური, კანონმდებლობას უნდა ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი, იმისთვის, რომ ჩვენ აღმოვფხვრათ ბრაკონიერობა - ხე-ტყის უკანონო ჭრა, უკანონო ნადირობისა თუ თევზაობის ფაქტები. საჭიროა გარემოსდაცვითი შესაძლებლობების განვითარება, მათ შორის, მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება.
გარემოსდაცვითი მართვა ზედამხედველობის ეფექტიან გამოყენებასა და ადმინისტრირებას გულისხმობს. ჩვენ გვექნება გარემოზე ზემოქმედების შეფასების უფრო ეფექტიანი სისტემა, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას. ჩვენ დავინახეთ რაოდენ აქტუალურია ეს მსხვილი ინფრასტრუქტურული თუ ენერგეტიკული პროექტების განხორციელების დროს, როდესაც მოსახლეობის მეტი ჩართულობა, გამჭვირვალობა, მიკვლევადობა, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა არის საჭირო. ამას ჩვენ ახალი ელექტრონული პლატფორმის საშუალებით უზრუნველვყობთ.
მოხდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობების განვითარება. 2012 წლამდე, ქვეყანაში გაუქმებული იყო გარემოსდაცვითი მიმართულებით მაკონტროლებელი უწყება. 2013 წელს, შეიქმნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და 32-მა ეკიპაჟმა დაიწყო საქართველოს მასშტაბით 24 საათიანი პატრულირება. გასული წლების განმავლობაში, ეტაპობრივად, მოხდა დეპარტამენტის ადამიანური და ტექნიკური რესურსების გაძლიერება, დაინერგა თანამედროვე სისტემები, მოხდა თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და 2021 წლის მდგომარეობით, გასამმაგებული რაოდენობის - 103 ეკიპაჟით ფარავს ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
მომავალ წლებში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში დაგეგმილია თანამედროვე ელექტრონული მექანიზმების განვითარება და სრულყოფა. სათანადოდ აღიჭურვება საწვავის ხარისხის კვლევის ლაბორატორია, შემუშავდება საწვავის ხარისხის ნორმებთან შესაბამისობის კონტროლის სახელმძღვანელოები, განვითარდება დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან გარემოში მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის ელექტრონული სისტემა, შეიქმნება შიდა წყალსატევებში სამრეწველო თევზჭერის თვითმონიტორინგისა და ანგარიშგების ელექტრონული ონლაინ სისტემა; დონორების მხარდაჭერით, დაინერგება ინოვაციური ტექნოლოგიები, ე.წ. „ცხელი წერტილები“ გაკონტროლდება სამეთვალყურეო კამერებით, ახალი თაობის დრონების გამოყენებით, განხორციელდება ტყის მიმართულებით მომუშავე თანამშრომელთა უწყვეტი სწავლებები. დაინტერესებულ უწყებებთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფილი იქნება მიკვლევადობა და კონტროლი ხე-ტყის დამზადების, ტრანსპორტირების, ხე-ტყის გადამუშავებისა და რეალიზაციის ეტაპებზე.
დაგეგმილი ღონისძიებების მიზანი საწვავის ხარისხის კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის უწყვეტ კონტროლი, ორგანიზებულ გაფრქვევებზე კონტროლი, გარემოს დაბინძურების ფაქტების დროული გამოვლენა და აღკვეთა, აკვაკულტურის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და კონტროლი, ასევე - ტყეზე ზედამხედველობის, ბრაკონიერობის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების ეფექტიანობის გაუმჯობესებაა.
გაიზრდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობები; უწყების საქმიანობას დაემატება საგამოძიებო კომპონენტი, რაც უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების საქმეების მეტად ეფექტიან და ოპერატიულ გამოძიებას.
დაგეგმილი ღონისძიებების მიზანი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემის გამართული ფუნქციონირება, ზიანის პრევენცია, შესაბამისი ღონისძიებებით გარემოს აღდგენა, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ეფექტიანად აღსრულება, მათ შორის, გარემოში სამრეწველო ემისიებისა და ნარჩენების შემცირება, ტყის, აკვაკულტურის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ბიომრავალფეროვნებაზე ზეწოლის შემცირებაა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ, რომელიც ეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის სიძლიერისთვის მომდევნო წლების სახელმძღვანელო იქნება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი უწყებაა, რომელმაც დარგის განვითარების ათწლიან ხედვა წარადგინა.