ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი საკითხზე - „COVID-19
გამოწვევებზე საპასუხოდ, აღმასრულებელი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების გავლენა ქვეყნის სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობაზე" თემატურ მოკვლევას იწყებს.
ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
„ეს არის აქტუალური საკითხი, ვინაიდან ჩვენ კვლავაც კოვიდ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება. ეს მოკვლევა კი დაგვეხმარება მეტი ინფორმაციის მოპოვებაში და იმაში, თუ როგორ მოვემზადოთ თუნდაც პოსტ კოვიდური პერიოდისათვის", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა თემატურ მოკვლევის ჯგუფის შექმნას. თემატურ მოკვლევის მომხსენებელი კომიტეტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო იქნება.