ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ცესკო-ს მიერ ახალი რეგულაციების შესაძლო შემოღებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღება შეიძლება აიკრძალოს. აღნიშნულ საკითხზე სხდომა ცესკოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
როგორც აქციაზე „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, აქციის ცესკო-სთან გამართვის მიზეზი იმ ადამიანთა გამხნევებაა, ვინც ამ წუთებში სხდომაზე მხარს უჭერს სამართლიან გადაწყვეტილებას.
„გვინდა არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს და ვაფრთხილებთ ფსევდო ოპოზიციას, ვინც მხარს დაუჭერს ფოტო და ვიდეოგადაღების აკრძალვას, ის ხელს მოაწერს თავისივე განაჩენს და ამით დადასტურდება, რომ იგი ნამდვილად ფსევდო ოპოზიციის წამრომადგენელია“ - განაცხადა ძიძიგურმა.
აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ დროშებითა და პლაკატებით არიან აღჭურვილნი.

















