გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, ოზურგეთში გამართულ შეხვედრაზე,
ადგილობრივ მოსახლეობას და სხვა დაინტერესებულ მხარეებს გურიაში ახალი ეროვნული პარკის დაარსებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოები გააცნო.
გურიის ეროვნული პარკის დაარსების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობით ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება 520 530 ევროს შეადგენს და მისი დასრულება 2023 წელს იგეგმება. ეროვნული პარკის გეგმარებითი ტერიტორია, დაახლოებით, 30 000 ჰექტარს მოიცავს.
ახალი პროექტი მიზნად ისახავს გურიის ტყის ლანდშაფტებში არსებული გამოწვევების, კერძოდ, ადამიანის ზემოქმედებით მიღებული ზიანის შეჩერებას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემის შენარჩუნებას; ძუძუმწოვრების, მათ შორის, კავკასიური ირემი, შველი, მურა დათვი, ფოცხვერი და სხვა, პოპულაციების ზრდის ხელშეწყობას.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ერთი წლის წინ, დაიწყო აქტიური სამუშაოები გურიის რეგიონში ახალი დაცული ტერიტორიების შესაქმნელად. ვფიქრობთ, გურიის ეროვნული პარკი გახდება ახალი მიზიდულობის ცენტრი, ხელს შეუწყობს რეგიონულ განვითარებას და, რაც მთავარია, გურიის უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვას", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ქეთევან მოისწრაფეშვილის განცხადებით, გურიის ეროვნული პარკი რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს როგორც ეკოტურისტული, ასევე, დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მიღების მიმართულებით.