საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მწუხარებას გამოთქვამს ქართველი აკადემიკოს
გუჩა კვარაცხელიას გარდაცვალების გამო:
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი აკადემიკოსის, საქართველოს რესპუბლიკის განათლების ყოფილი მინისტრის გუჩა კვარაცხელიას გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს, კოლეგებს, მეგობრებსა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს.
გუჩა კვარაცხელია მრავალი წლის განმავლობაში არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი გახლდათ. ის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და არაერთი მონოგრაფიის ავტორია. ამავდროულად, მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, სადაც არაერთი თაობა აღზარდა.
ყველასთვის პატივსაცემი და დამსახურებული პედაგოგი 2005 წლიდან დღემდე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის წევრი იყო. გარდა მეცნიერული საქმიანობისა, გუჩა კვარაცხელია წარმატებით ეწეოდა აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას. ის ავტორია არაერთი პოეტური კრებულისა და დრამატურგიული ნაწარმოებისა.
გუჩა კვარაცხელიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული სამეცნიერო საზოგადოებისათვის“ - ნათქვამია მინისტრის სამძიმრის წერილში.