კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში მედიაში არსებულ პრობლემებსა
და გამოწვევებზე საუბრობს. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროპის მასშტაბით ყველაზე ლიბერალური მედიაპოლიტიკა აქვს და მაუწყებლობის დაწყება მხოლოდ 10 დღეშია შესაძლებელი, მაყურებელზე ორიენტირებული მედია პროდუქტი ნაკლებად იქმნება.
„პარადოქსია, რომ ასეთ მედია გარემოში, სადაც ყველაზე თავისუფალი მიდგომაა, მაყურებელზე ორიენტირებული პროდუქტი ნაკლებად იქმნება. რეალურად, რატომ გვჭირდება თავისუფალი და მრავალფეროვანი მედია გარემო? ცხადია იმისთვის, რომ საზოგადოებას, მაყურებელს ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, ჰქონდეს შესაძლებლობა, როგორც ყოველდღიურ რეჟიმში, სოციალურ, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს. ბოლო არჩევნების მონიტორინგმა აჩვენა, რომ ჩვენი მედია გარემო პოლარიზებული, რადიკალური და სიძულვილის ენით გაჯერებულია. დღეს ჩვენს მედიაში, ხშირად, ყალბი ინფორმაცია ჭარბობს ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას, ხშირია მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ჩემი აზრით, სწორედ სიძულვილის ენის გამოყენებით და აგრესიით ხდება ყველაზე ხშირად განსხვავებული აზრის შეზღუდვა, რაც ოპონენტებს შორის ჯანსაღ დისკუსიას უშლის ხელს. ადამიანებს არ უნდათ აგრესიის და თავდასხმის ობიექტი გახდნენ და განსხვავებული აზრის გამოხატვისგან თავს იკავებენ“,- განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს კახა ბექაურმა.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ არსებული გამოწვევებიდან გამოსავალი აქტიური საზოგადოებრივი ჩართულობითა და დისკუსიით უნდა მოინახოს, რადგან მედიის რეგულაცია ძალიან სენსიტიური საკითხია და ამ მიმართულებით აჩქარება, ან რეგულაციის მიღება ძალიან საფრთხილოა.
„მე შემიძლია გითხრათ, როგორ მოაგვარეს განვითარებულმა ქვეყნებმა ამ ტიპის პრობლემები და რა გამოცდილება არსებობს. მაგალითად, ევროპის ქვეყნებში - სიძულვილის ენის ტირაჟირება აკრძალულია კანონით. ევრო დირექტივების ჩვენ საკანონმდებლო ჩარჩოსთან ჰარმონიზაცია ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, სავალდებულოა. რა ხდება ჩვენთან? მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი გვაქვს მოწერილი, ამ მიმართულებით კანონი არ მიგვიღია და 2018 წლის შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტში გვაქვს შეტანილი. საკითხის კანონით დარეგულირების გარდა, ევროპაში მედიის წარმომადგენლებიც, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოება, აცნობიერებენ სიძულვილის ენის ტირაჟირების საფრთხეებს. ევროპაში სამოქალაქო საზოგადოება იმდენად მომზადებული და გათვითცნობიერებულია, რომ დისკუსიები ოპონენტებს შორის მაღალი სტანდარტით იმართება. მოქალაქეები ერთმანეთთან ოპონირებას მყარი არგუმენტებით ახერხებენ, დაცინვის, მუქარის და სიძულვილის ენის გამოყენების გარეშე. რაც შეეხება ყალბ ინფორმაციას, პოლარიზებას და პროპაგანდას, ევროპულმა ქვეყნებმა ეს პრობლემებიც დიდი ხანია მოაგვარეს. ამ ქვეყნებში არსებობს მიუკერძოებლობის სტანდარტი, რომელიც ემყარება სამ ფუნდამენტურ საკითხს. მათ შორის: პირველია სიზუსტე - ევროპაში მედიასაშუალებები ვალდებულნი არიან, ფაქტები სიზუსტით გადმოსცენ, არ დაამახინჯონ ამბავი; მეორეა ფაქტი და მოსაზრება - მედია ვალდებულია ფაქტები და მოსაზრებები გამიჯნოს ერთმანეთისგან; მესამე - თუ რომელიმე მედია საშუალებამ ამბავი ცალმხრივად გააშუქა, ვალდებულია მეორე მხარის მოთხოვნის საფუძველზე, მას ეთერი დაუთმოს. ასეთია ევროპული მიდგომა. არსებობს რამდენიმე გზა - ან გავყვეთ ცივილიზებული ევროპის გამოცდილებას, ან არა და ვთქვათ, რომ ევროპული რეგულაცია კარგია, მაგრამ ჩვენ ჯერ მზად არ ვართ, ან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპული რეგულაცია კარგია, მაგრამ კახა ბექაურია ცუდი და სანამ კახა ბექაურია კომუნიკაციების კომისიაში, ევროპული გზა არ გვინდა“,- ამბობს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.
კახა ბექაური კომისიის გადაწყვეტილებებსა და მიდგომებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი კომისიის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ფაქტობრივი მოცემულობა და კომისიის გადაწყვეტილებები მეტყველებს იმაზე, რომ დაუსაბუთებელი კრიტიკის და მით უმეტეს ბრალდებების საფუძველი არ არსებობს.
„მედიის და არასამთავრობოების ნაწილი მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიას უხამსობის საკითხის განხილვის უფლებამოსილება არ უნდა ჰქონდეს, ამბობენ, რომ უხამსობის რეგულირებას ნეგატიური მიზნებისთვის ვიყენებთ, ან შეგვიძლია გამოვიყენოთ... მოკლედ, უამრავ ბრალდებას გვიყენებენ. როგორ ვიქცევით ჩვენ? უხამსობის ნაწილში პირველ რიგში, ვრეაგირებთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაცდომებზე და არ გვაქვს მარტო გამამტყუნებელი გადაწყვეტილებები; მეორე, თუ ვიღებთ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას, ვცდილობთ მაუწყებლებს არ დავაკისროთ ფინანსური ჯარიმა და მხოლოდ დარღვევა დავაფიქსიროთ. დარღვევის დაფიქსირება მნიშვნელოვანი საფეხურია, რათა საზოგადოებამ, მედიამ, ჩვენ ყველამ, ვისწავლოთ კანონის სწორად წაკითხვა და მისი პრაქტიკაში გამოყენება; მესამე - გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები გასაჩივრებულია სასამართლოებში, ველოდებით, რომ სასამართლომ თქვას, როგორი მიდგომაა სწორი და არის თუ არა ეს კომუნიკაციების კომისიის განსახილველი საკითხი. ამ მიდგომით, ჩვენ, როგორც სფეროს რეგულატორი, ვცდილობთ მაყურებლის საუკეთესო ინტერესების დაცვას“,- აცხადებს კახა ბექაური.